რუსეთი

"პუტინის მზარეულის" მრჩეველი ლიბიის ციხიდან რუსეთის ადგილობრივ არჩევნებში იყრის კენჭს

Meduza

კრემლთან მჭიდრო კავშირების მქონე რუს ბიზნესმენთან, პუტინის მზარეულის მეტსახელით ცნობილ, ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული პოლიტიკური მრჩევლები პოლიტიკურ პარტია სამშობლოში გაერთიანდნენ და კომის რესპუბლიკის ადგილობრივ არჩევნებში იყრიან კენჭს. სიაში პირველი მაქსიმ შუგალეია, რომელიც ლიბიაში პრიგოჟინის დავალებით მუშაობდა, სადაც 2019 წლის ივლისში დააპატიმრეს. შუგალეი ამ დრომდე ლიბიაში პატიმრობაში რჩება. გამოცემა Meduza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარტიაში იმედოვნებენ, რეგიონულ წარმომადგენლად არჩევის შემთხვევაში შუგალეის გათავისუფლების შანსები გაიზრდება, თუმცა უცნობია რატომ არსებობს ამგვარი მოლოდინი.

ლიბიაში შუგალეის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდისათვის სოციოლოგიური კვლევის ჩატარება დასახელდა. თუმცა, შუგალეიმ საიდუმლო შეხვედრა გამართა მუამარ კადაფის შვილთან, საიფ ალ-ისლამ კადაფისთან, რომელიც ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მოწინააღმდეგეა.

პარტია და თავად პრიგოჟინის წარმომადგენლები უარყოფენ კმაპანიაში პუტინის მზარეულის პირდაპირ ჩართულობას, თუმცა რუსი ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, ის "გულთბილად უჭერს მხარს" მაქსიმ შუგალეის. Meduza-ს წყაროს ინფორმაციით, პარტიის კამპანიას მთლიანად პრიგოჟინი აფინანსებს.

სწორედ პრიგოჟინი, რომლის კომპანია Concord-ი კრემლს საკვებით ამარაგებს, დგას ტროლების ქარხნის და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის უკან.

ვაგნერის დაქირავებული რუსი სამხედროები ლიბიაში გენერალ ხალიფა ჰაფთარის გვერდით იბრძვიან ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ. რუსეთი მხარს ჰაფთარს უჭერს, თუმცა მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას არ აღიარებს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ასობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს და ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ. ანგარიშის მიხედვით 2018 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ჯგუფის 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია, თუმცა არიან ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლიბიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოფიციალურ მოსკოვს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის  განცხადების მიხედვით კი რუსეთი მთავრობასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო დაჯგუფება, ვაგნერის მეშვეობით ლიბიაში ამბოხებულებისათვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების, სარაკეტო თავდაცვის რაკეტების, ნაღმების და ჯავშანტექნიკისა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

ლიბიის კონფლიქტში ხალიფა ჰაფთარს რუსეთის გარდა ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს, ტრიპოლის გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას კი თურქეთი ეხმარება.

გასულ თვეს დაპირისპირებულმა მხარეებმა დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ დაპირისპირების შეწყვეტა და უახლოეს მომავალში არჩევნების ჩატარება სურთ.

კომენტარები