საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისის 22-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Expo Georgia-ში გაიმართება.
ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი ხანგრძლივობა 4-დან 6 დღემდე გაიზარდა.
"ეს ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, რადგან Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის იარსებებს წინასწარი რეგისტრაციის სისტემა". - აღნიშნავს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოება.
ტრადიციული ფორმის გარდა, ფესტივალზე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე, Expo Georgia-ს ეზოში, პავილიონში შეუსვლელად, წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან და ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.
ამჟამად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.





