ენმ

წარადგენს თუ არა ენმ არჩევნებამდე პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს? – ბოკუჩავას პასუხი 

ტაბულა

წარადგენს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე პრემიერმინისტრობის კანდიდატს და იქნება თუ არა ის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი? – ეს კითხვა დაუსვეს დღეს დეპუტატ თინა ბოკუჩავას. 

ენმ-ს დეპუტატი ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ისევე, როგორც პარტიის საარჩევნო სიის წევრებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პროგრამას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, "რა თქმა უნდა, არჩევნებამდე წარადგენს", თუმცა, ვინ იქნებიან კანდიდატები, ამ შეკითხვას თინა ბოკუჩავა არ პასუხობს. 

ბოკუჩავას თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენას ძალიან კონკრეტული და ნაცადი პრაქტიკა აქვს ევროპულ ქვეყნებში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პრემიერმინისტრს უმრავლესობის მომპოვებელი პარტია წარადგენს. 

"საქართველოშიც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ ნაცად მექანიზმს, რომელსაც უამრავი ევროპული ქვეყანა იყენებს წარმატებით, მაგრამ იქამდე უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ოპოზიციამ ერთობლივად დაწეროს მეტი ხმა, მოიპოვოს მეტი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების, ვიდრე მოიპოვებს ივანიშვილი და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად". – ამბობს თინა ბოკუჩავა. 

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია პრემიერმინისტრობის კანდიდატს არჩევნებამდე წარადგენს, კოალიციური მოლაპარაკებები პარტიებს შორის, "რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ შედგება". 

"ასე ხდება, ასე არის გავრცელებული პრაქტიკა. ის წესი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ევროპული ქვეყანა, არის ის, რომ უმრავლესობის მომპოვებელი პარტია წარადგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ ამ პარტიის ირგვლივ ხდება მსჯელობა და მოლაპარაკება". – თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ტაბულამ 7 აგვისტოს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ დროისთვის უკრაინის მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილი იქნება. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგსისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები