აშშ

აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ სნოუდენის გამოაშკარავებული მოსმენების პროგრამა უკანონოდ ცნო

ედვარდ სნოუდენი
npr.org

ედვარდ სნოუდენის მიერ 2013 წელს გამოაშკარავებული ამერიკის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენის პროგრამა აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

აშშ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ ოთხშაბათს მიღებული დადგენილების თანახმად, სადაზვერვო ქსელმა, რომელიც მილიონობით ამერიკელის სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდა, დაარღვია აქტი უცხოური დაზვერვის მეთვალყურეობის შესახებ და, შესაძლოა, არაკონსტიტუციურიც კი იყო.

ედვარდ სნოუდენი აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი იყო. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მან სატელეფონო მოსმენების სქემა გამოააშკარავა, სნოუდენი რუსეთში გაიქცა. აშშ-მ მას ბრალი წაუყენა ჯაშუშობისთვის. სამხილები იმისა, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო აშშ-ს მოქალაქეებზე ინფორმაციას აგროვებდა სნოუდენის მიერ გასაჯაროებული ყველაზე სკანდალური ინფორმაცია იყო. ინფორმაცია 2013 წელს გამოცემა Guardian-მა გამოაქვეყნა. 

2013 წლამდე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ლიდერები უარყოფდნენ, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო აშშ-ს მოქალაქეებზე რაიმე სახით ინფორმაციას აგროვებდა. სნოუდენის მიერ საპირისპიროს გამოაშკარავების შემდეგ, სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ჯაშუშობის მსგავსი სისტემა საშინაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. სააგენტოს მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როცა 2013 წელს სან-დიეგოში ოთხი მოქალაქე დააკავეს სომალიში ექსტრემისტული ჯგუფის დახმარებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად მოხერხდა ბასალი საიდ მოალინის, აჰმედ ნასირ ტალილ მოჰამუდის, მოჰამედ მოჰამუდის და ისა დორეს დაკავება და გასამართლება. 

თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსგავსი არგუმენტები საქმეს არ შეესაბამება.

ედვარდ სნოუდენი სააპელაციო სასამართლოს დადგენილებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"შვიდი წლის წინ, როდესაც სიმართლის თქმისთვის დამნაშავედ გამომაცხადეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იმ დღეს მოვესწრებოდი, როცა სასამართლო ეროვნული უშიშროების სააგენტოს ქმედებებს უკანონოდ ცნობდა და იმავე დადგენილებით მე მომაწერდა მათ გამოაშკარავებას. თუმცა ეს დღე დადგა". - წერს სნოუდენი.

კომენტარები