კორონავირუსი ბათუმში

ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tom Wolf

ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე თქვა. 

"საუბარია N7 ყვითელი ავტობუსის სამარშუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ხაზთან, ყველამ მიმართოს კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში." - თქვა რიჟვაძემ. 

ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ COVID-19 დაუდასტურდა პირს, რომელიც ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში იმყოფებოდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 26 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 21 საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში კაფე-ბარების და კლუბების მონიტორინგი გამკაცრდება. მისივე თქმით, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება და აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

რიჟვაძე ადამიანებს, ვისაც ახალ ეპიდემიოლოგიურ კერებთან შეხება ჰქონდათ, მოუწოდებს, რომ COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარონ. ბათუმში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შეუძლიათ, ბულვარშია განთავსებული. კარვები განთავსებულია კოლოდებთან, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ და ანბანის კოშკთან. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა.

კომენტარები