რუსეთის ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში

"ამას ჩვენც არ გვაპატიებენ" - პატრიოტების პასუხი კრემლს 8 აგვისტოს მიტინგის მოთხოვნაზე

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გაავრცელა.

გამოძიების მეორე ნაწილში კი საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ცენტრ დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მოსკოველ კურატორებსა და ქართველ შეგირდებს შორის ხშირია კამათი და უთანხმოებაც. თუმცა გაღიზიანების მიუხედავად "პატრიოტები" ხშირად დაჰყვებიან ხოლმე რუს კურატორებს. 

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. 

"აგვისტოს ომთან დაკავშირებით - გადაცემები ირმა ინაშვილისა და დავით თარხანმოურავის მონაწილეობით ეთერში გადიოდა 7, 9 და 10 აგვისტოს, ხოლო 8 აგვისტოს მხოლოდ კლიპები გადიოდა. ხოლო, რაც შეეხება ამ დღეს მიტინგის ჩატარებას - ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გესმით ვითარება, რომელიც ამ წუთას თბილისშია. ადამიანები ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ მასზე ირმა ინაშვილი და დავით თარხანმოურავი საუბრობენ, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თუ ჩვენ ამ თემაზე მოვაწყობთ მიტინგს ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ". – წერია პატრიოტთა ალიანსის განმარტებაში. 

ამასთანავე, პატრიოტები რუს კურატორებს წერენ, რომ უკვე დამზადებულია 12 გადაცემა სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე და იგი პერიოდულად გავა ეთერში, ამასთანავე, აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის თემა ობიექტივის სხვადასხვა გადაცემების კვირაში ერთხელ მაინც იქნება. 

კომენტარები