პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება

ოხანაშვილი "პატრიოტების" დაფინანსებაზე: ხოშტარიას ვაშაძის რუსული პასპორტი რატომ არ ახსოვდა?

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის კრემლის მიერ დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე ლაპარაკისას ქართული ოცნების წევრები აქცენტს ევროპული საქართველოზე აკეთებენ.

რუსთავი 2-ის ეთერში მმართველი გუნდის წარმომადგენელმა პატრიოტთა ალიანსის შესახებ ზოგადად თქვა, რომ პარტია თანმიმდევრულია და ღიად პრორუსულ ძალებთან არ თანამშრომლობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ცნობები დადასტურდება, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ოხანაშვილისთვის ამ საკითხში მთავარი პრობლემა ევროპული საქართველოა, რომელმაც პროკურატურას ინაშვილის პარტიის დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.

"როგორ მოხდა, რომ ფეესბეს აგენტად მოიხსენებდა ე.წ პროდასავლური ჯგუფის წარმომადგენელი, გიგი უგულავა ირაკლი ოქრუაშვილს და დღეს მათთან პოლიტიკურ კონტრაქტს აფორმებს.

როგორ მოხდა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსული პასპორტით იჯდა საქართველოს მთავრობაში, საგარეო საქმეთა მინისტრად და მხოლოდ 2019 წელს განაცხადა უარი რუსეთულ პასპორტზე.

ელენე ხოშტარია, დღეს პროდასავლურობაზე რომ დებს თავს, გრიგოლ ვაშაძის მოადგილე რომ იყო და 2008 წლის ომის დროს მას რუსული პასპორტი რომ ჰქონდა, არ იცოდა ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ?" – თქვა ოხანაშვილმა რ2-ის ეთერში.

პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაზე გამოძიების მოთხოვნის საკითხზე კომენტირებისას აქცენტი ელენე ხოშტარიაზე გააკეთა სოფო კილაძემაც. "როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა". – თქვა მან, პატრიოტთა ალიანსი კი არ გაუკრიტიკებია.

ევროპულმა საქართველომ დღეს, 25 აგვისტოს, პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.

ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გაავრცელა.

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

კომენტარები