ბელარუსი

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება [Video/LIVE]

მინსკი. 23 აგვისტო.
MEDIAZONA

ბელარუსში მე-15 დღეა ალექსანდერ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები იმართება.

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის!" – ამ ლოზუნგით აქცია მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ამ წუთებში იმართება. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ არ შესრულდება 3 მოთხოვნა – ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებაში და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა. 

ათასობით ადამიანი შეიკრიბა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე ბელარუსის თეთრი-წითელი-თეთრი დროშებით.

"წადი!" – მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ, რომელიც უკვე 26 წელია ქვეყნის სათავეშია.

ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს ბელარუსის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. 

აქციის დაწყებამდე, თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა რომ ჯარისკაცები მომიტინგეებისგან დაიცავენ ეროვნულ ძეგლებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძეგლებთან არეულობას პოლიცია აღარ უპასუხებს, არამედ არმია. 

ბელარუსში შენიშნეს, რომ მინსკის მიმართულებით სამხედრო ტრანსპორტით ჯარისკაცები მიემართებიან.

ამავე დღეს მინსკთან ტყეში იპოვეს 28 წლის მამაკაცის გვამი, რომელიც ძალიან ნაცემი იყო. Nasha Niva-ს ინფორმაციით, მიკიტა კრუცოვი 12 აგვისტოს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ის მინსკში საპროტესტო აქციას დაესწრო. 

ამ დრომდე, დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე სულ მცირე 3 ადამიანი მოკლეს. 

23 აგვიტოს 26 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ადამიანებმა ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობის აქცია გამართეს. 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

კომენტარები