საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში

ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის გათავისუფლების მოთხოვნით მეშვიდე მარში გაიმართა

Reuters

მეშვიდე კვირაა, ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება. ამჯერად ქუჩაში 1 500-მდე ადამიანი გამოვიდა.

აქციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუსში მიმდინარე აქციების მონაწილეებსაც. გამოჩნდა წარწერები "ბელარუსებო - ხაბაროვსკი შენთანაა". მომიტინგეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისაც, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს და კომაშია.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

კომენტარები