ბელარუსი

ლუკაშენკო: ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ და შემდეგ, თუ გნებავთ, ჩავატაროთ არჩევნები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც ბელარუსი ახალ კონსტიტუციას მიიღებს. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ქარხანაში გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ახალი არჩევნები არ ჩატარდებოდა სანამ არ მოკლავდნენ.

"ჩვენ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ. ის რეფერენდუმით უნდა დავამტკიცოთ და შემდეგ ახალი კონსტიტუციით, თუ გნებავთ, ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო და ადგილობრივი მთავრობების არჩევნები". – თქვა მან. ლუკაშენკოს ამ გამოსვლის ფრაგმენტი ტელეარხ Belarus 24-ზე გავიდა.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

დღეს, 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ Twitter-ზე საბჭოს წევრებისათვის მიწვევა გაავრცელა. ვიდეო კონფერენცია 19 აგვისტოს უნდა გაიმართოს და ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე უნდა იმსჯელონ. შარლ მიშელის თქმით ევროკავშირმა სანქციებზე მუშაობა დაიწყო.

კომენტარები