აფეთქება დიდუბეში

დიდუბეში აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა

მთავარი არხი

დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩის 2 ნომერში მიტოვებული საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც საწყობის გვერდით მდებარე საცხობის თანამშრომლები დაშავდნენ. 

როგორც საცხობის მეპატრონე ამბობს, ისინი საწყობიდან გაზის სუნს გრძნობდნენ და დახმარებისთვის ახლობელს მიმართეს, რომელმაც საწყობის კარი გააღო, რასაც აფეთქება მოჰყვა. 

როგორც "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი ამბობს, საწყობში უყურადღებოდ იყო დატოვებული ბუნებრივი აირის ონკანი. 

"პირველი დათვალიერებისას რაც ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს, ის არის, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია თვითნებურად, მთელი რიგი დარღვევებით, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ეს შემთხვევა". - ამბობს "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი. 

აფეთქების შედეგად 68 წლის ქალი და 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდნენ. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები