გერმანია-ბელარუსი

მაასი: ევროკავშირმა ლუკაშენკოზე წნეხი უნდა გაზარდოს

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე წნეხი უნდა გაზარდოს. 

მან ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წევრები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმ ზომებზე, რომლებსაც ლუკაშენკოს წინააღმდეგ განიხილავენ, მათ შორის სანქციებს.

"სისასტიკე და მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების დაკავება ბელარუსში მიუღებელია 21-ე საუკუნის ევროპაში. სწორედ ამიტომ უნდა გავზარდოთ წნეხი მათზე, ვინც ძალაუფლების სათავეშია", – აღნიშნა მან.

მე-4 დღეა, ბელარუსში აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

12 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა აქციაზე დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა. ის ქალაქ გომელში დააკავეს. სასამართლოს შემდეგ ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. 

10 აგვისტოს ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, მას ხელში “გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა. 11 აგვისტოს დემონსტრანტის დაღუპვის ადგილზე აქციის წევრებმა ყვავილები მიიტანს. ისინი პოლიციამ დაარბია.

აქციებზე დაპატიმრებულთა რიცხვი 6000-მდეა. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს ესხმოდენ ჟურნალისტებს, მათ შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო- და ვიდეომასალით.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაგმეს ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები