ლელო

ლელომ ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კობერიძე დააყენა

12 აგვისტოს ლელო საქართველომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის ვაკის საარჩევნო ოლქშიც, სადაც პარტიის კანდიდატი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან კობერიძე იქნება, რომელიც ლელოს ორი დღის წინ შეუერთდა. 

ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი, ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია ჰყავთ. 

24 ივნისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებებში იყო ჩართული, თქვა, რომ პარტია 30-ვე საარჩევნო ოლქში ემზადებოდა კანდიდატების დასაყენებლად, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ გაეთვალისწინებინათ ზოგიერთი კანდიდატი და მათთვის კონკურენტი არ დაეყენებინათ. მამუკა ხაზარაძე მაშინ ამბობდა, რომ ერთერთ ასეთ კანდიდატად სწორედ ელენე ხოშტარია განიხილება, რომლის მიმართაც სიმპათიით იყო განწყობილი. 

"მე, პირადად, ლაკას [ელენე ხოშტარია] ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპათიით ვარ. ჩვენ, ალბათ, ელენეს, კიდევ რამდენიმე შეიძლება იყოს [არ დავუყენებთ კონკურენტს]. თბილისზე არ არის საუბარი. ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია. ჯერ ჩვენ არ ვიცით. ჭორების დონეზეა. მოდი, ელენეზე გავჩერდეთ ახლა. მერე როცა ყველაფერი ჩამოყალიბდება, ძალიან კონსტრუქციულ ფუნქციას და როლს ვითამაშებთ საერთო ოპოზიციურ განწყობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუდმივად დავრჩებით დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა. თუ ჩვენ რამდენიმე ადამიანს არ დავუყენეთ კანდიდატი, ეს საერთო საქმეს წაადგება იმიტომ, რომ მიზანი გვაქვს ერთი". – თქვა მამუკა ხაზარაძემ 24 ივნისს. 

კომენტარები