ლელო

კობერიძე ლელოს შეუერთდა, ელისაშვილთან და დოლიძესთან ერთად შექმნილი მოძრაობა 1 თვეში დატოვა

ლევან კობერიძემ ალეკო ელისაშვილთან და ანა დოლიძესთან ერთად შექმნილი პოლიტიკური პლატფორმა 1 თვეში დატოვა და ლელოში გაწევრიანდა. კობერიძე ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, წარადგინა.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრი სჭირდება, ძლიერი ცენტრი [...] ეს ალტერნატიული ცენტრი უნდა იყოს ლელოში და ლელოსთან ერთად.

მე ამ გუნდს საკმაოდ დიდხანს ვაკვირდებოდი და ისინიც მაკვირდებოდნენ თავის მხრიდან [ლელო]. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის". – ამბობს კობერიძე.

ტაბულა ლევან კობერიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, რჩება თუ არა ის ელისაშვილთან და დოლიძესთან შექმნილ პოლიტიკურ პლატფორმაში, კობერიძე გვპასუხობს, რომ პოლიტიკური პლატფორმა არ ნიშნავს პოლიტიკურ გაერთიანებას და იგი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა, მათ შორის ალეკო ელისაშვილთან და ანა დოლიძესთან.

"ეს პლატფორმა იყო არ იყო პოლიტიკური გაერთიანება, ეს იყო სამსჯელო სივრცე, სადაც შეგვეძლო, რომ პოლიტიკურ საკითხებზე გვემსჯელა და შესაბამისად მსჯელობის სივრცე იმ ადამიანებთან, ვისთანაც რაიმე სასიკეთოზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა ეს სივრცე ყოველთვის იქნება, ამიტომ ეს ამ სივრცესთან კვეთაში არაა".

ცნობისთვის, ლევან კობერიძემ, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა 18 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. მათივე თქმით, პლატფორმის მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა.

კომენტარები