ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ტაბულას ინფორმაციით, ენმ-ის პრემიერმინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იქნება

ტაბულას ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.  

სააკაშვილმა 3 აგვისტოს კითხვას, შეიძლება თუ არა, პრემიერმინისტრი იყოს, უპასუხა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით." 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები