აქცია ისრაელში

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

Times of Israel

ისრაელში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით კვლავ გაიმართა მრავალათასიანი აქციები. მომიტინგეები შეიკრიბნენ ცენტრალურ იერუსალიმში პრემერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციასთან, თელ-ავივში ნეთანიაჰუს საზაფხულო სახლთან და მსხვილ გზაჯვარედინებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია იყო. მომიტინგეები პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვენ და მის მიერ კორონავირუსთან გასამკლავებლად გადადგმულ ნაბიჯებს აკტირიკებენ. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ნეთანიაჰუ პოსტზე არ უნდა დარჩეს მაშინ, როდესაც კორუფციის საქმეზე მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ებრაული მედიის მიხედვით ცენტრალურ იერუსალიმში, სულ მცირე, 10 000 ადამიანი გამოვიდა. ნეთანიაჰუ დემონტრაციების მონაწილეებს "მემარცხენეებს" და "ანარქისტებს" უწოდებს. მისმა პარტიამ, ლიკუდმა ისრაელის ორი დამოუკიდებელი ტელევიზია აქციების გაშუქებასა და ამით მათი მნიშვნელობის გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

აქციები უმეტესწილად მშვიდობიანია, თუმცა გასულ კვირებში პოლიციასთან შეტაკებაც მოხდა. 24 ივლისს იერუსალიმში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 55 ადამიანი დააკავეს. კონტრაქცია გამართეს ნეთანიაჰუს მხარდამჭერებმაც. ორი აქცია პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი. საბოლოოდ დემონსტრანტები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

კორონავირუსთან საბრძოლველად ისრაელმა ზომები გაზაფხულზე დროულად მიიღო, თუმცა მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის და ეკონომიკის გახსნა მეტისმეტად სწრაფად დაიწყო, რამაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით ისრაელში ახალი კორონავირუსი სულ 72 315 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 531, გამოჯანმრთელდა - 45 631. კრიზისის გამო ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 20%-ს გადააჭარბა.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი, რომელიც 24 მაისს დაიწყო, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არ არის, პოსტი დატოვოს. მას, მაქსიმუმ, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 17 მაისს ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავარი ოპონენტის, ბენი განცის ერთობლივ მთავრობას. შეთანხმების მიხედვით, ის პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მას ბენი განცი შეცვლის. ამ პერიოდში განცი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. მას ასევე ექნება ალტერნატიული პრემიერმინისტრის თანამდებობაც. ეს ახალი პოზიცია სპეციალურად შეთანხმებისთვის შეიქმნა და 18 თვის შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი განცი გახდება, მას ნეთანიაჰუ დაიკავებს.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ ისრაელს სტაბილური მთავრობა არ ჰყავდა. ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. თავდაპირველად ბენი განცი ნეთანიაჰუსთან ერთად მთავრობის შექმნაზე ლაპარაკობდა და მიზეზად სწორედ კორუფციაში ბრალდებებს ასახელებდა, საბოლოოდ კი მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია, შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს ქვეყანას მართავს.

კომენტარები