თამარ ბაჩალიშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს

ფორმულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი უფლებადამცველი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის ითხოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც.

"გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო, რას მეტყვის". – თქვა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

გამოძიებასთან კითხვები აქვს ოჯახის დამცველ მიხეილ რამიშვილსაც. მისი თქმით, ოჯახს აინტერესებს, რამდენად ინფორმირებულია გამოძიება საქმის ახალ დეტალებზე.

"მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გვაინტერესებს, რამდენად ინფორმირებულია გამოძიება, რა მოქმედებები განხორციელდ. ოჯახს აინტერესებს ყველაფერი დეტალურად ვიდეოკამერებთან და ყველა იმ ფაილთან დაკავშირებით, რომლებიც კომპიუტერში არის". – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

გუშინ, პირველ აგვისტოს, შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყო ბაჩალიაშვილის მიმართ მუქარა. ოჯახმა სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები