S-400 სარაკეტო სისტემები

პომპეო: აშშ აფასებს, თუ როგორ უნდა უპასუხოს თურქეთის მიერ რუსული S-400-ების შეძენას

მაიკ პომპეო
Getty Image

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ამჟამად აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

"ჩვენ ვაგრძელებთ იმის შეფასებას, თუ როგორ მივმართოთ სანქციები იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ," - თქვა პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოხსენებაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

მიუხედავად NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგობისა, თურქეთი რუსეთთან S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა, შესაძლოა, ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ალტერნატიული რუსული თვითმფრინავები შეიძინოს.

კომენტარები