NDI - ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 4% თვლის, რომ ლუგარში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება

ლუგარის ლაბორატორია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 4% თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება, 60% ამ მოსაზრებას არ იზიარებს, 36%-მა კი არ იცის. 

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ის საქართველოში ბაქტერიებს შეისწავლის; ამზადებს სპეციალისტებს; აქვთ უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არა მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები - კვლევითი საქმიანობისთვის; არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი; გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს;

ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა.

კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

წაიკითხეთ: როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და რატომ ებრძვის მას რუსეთი.

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები