ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი

ვანდალებისგან დასაცავად ჩიკაგოში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლები დროებით აიღეს

ჩიკაგოში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს დროებით იღებენ
ABC

ჩიკაგოს მერის ბრძანებით, ქალაქში დროებით აიღეს ქრისტეფორე კოლუმბის ორი ძეგლი.

გადაწყვეტილება მოჰყვა რასიზმთან და თეთრ კოლონიალიზმთან მებრძოლი აქტივისტების მცდელობას, ძეგლები ძალადობრივად ჩამოეგდოთ კვარცხლბეკიდან.

როგორც ჩიკაგოს მერიის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მიიღეს "იმ დემონსტრაციების პასუხად, რომლებიც უსაფრთხო აღარ იყო როგორც თავად დემონსტრანტების, ასევე პოლიციისთვისაც, რამდენადაც ზოგიერთი უკიდურესად სახიფათო ფორმით ცდილობდა, გრანტის პარკში ქანდაკება დამოუკიდებლად მოეხსნა".

მერიის თანახმად, ქანდაკება დროებით, მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებამდე დარჩება მოხსნილი.

ჩიკაგოს გარდა, დემონსტრანტები ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს ბოსტონშიც დაესხდნენ თავს და გენუელი მოგზაურის ქანდაკებას თავი მოაძრეს.

თავდამსხმელებს მიაჩნიათ, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა, რომელიც ამერიკის აღმომჩენად ითვლება, სათავე დაუდო თეთრკანიანი ევროპელების მიერ ადგილობრივი ამერიკელების ძალადობრივად შევიწროებას.

კოლუმბის ძეგლის დროებით აღებას პროტესტი მოჰყვა ჩიკაგოს იტალიურ თემში.

"იტალიელი ამერიკელების თემი თავს დაღალატებულად გრძნობს. მერის სამსახური დათმობაზე მიდის ხმაურიან, დესტრუქციულ უმცირესობასთან. დემოკრატიული პროცესი ასე არ უნდა მიმდინარეობდეს". - თქვა პასკალ ჯანიმ, იტალიელი ამერიკელების სამოქალაქო კომიტეტის წარმომადგენელმა.

მართალია, ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია ესპანეთის მონარქიის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ის წარმოშობით იყო ქალაქ გენუიდან, რომელიც დღეს იტალიის ნაწილია.

აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ისტორიული ფიგურების ძეგლებზე თავდასხმის კამპანია თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

კომენტარები