გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა

კობახიძე კვირიკაშვილის წასვლაზე: გვინდოდა მეტი ეფექტურობა ბანკებთან მიმართებით

parliament.ge

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლაზე ილაპარაკა.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო არა სიღარიბის შესახებ UNICEF-ის კვლევა, როგორც აქამდე მმართველ გუნდში ამბობდნენ, არამედ მისი დამოკიდებულება ბანკებთან.

"იყო კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც ჰქონდა გუნდს პოლიტიკის კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. აქ, ძირითადად, საქმე ეხებოდა ბანკებთან მიმართებით პოლიტიკას. ამას წინ უძღოდა გარკვეული პროცესები და ერთ-ერთი იყო ეს საკითხი - კონკრეტულ მიმართულებაზე იყო საუბარი". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სიღარიბის კუთხით ოცნების ხელისუფლებისას მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ გაუმჯობესდა

"რაც შეეხება სიღარიბეს და ბავშვთა შორის სიღარიბეს, აქ, რეალურად, უკეთესი მაჩვენებლები არის ერთი და მეორე მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა მეტი ეფექტურობა ბანკებთან მიმართებით. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არსებითად დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო UNICEF-ის დასკვნიდან გამომდინარე დისკუსია, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი". - აცხადებს ის.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ცვლილებები, რაც მმართველ გუნდს საბანკო მიმართულებით სურდა, საბოლოოდ კვირიკაშვილის შემცვლელმა, მამუკა ბახტაძემ გაატარა:

"ჩვენ გვინდოდა მეტი და კონკრეტულად საბანკო პოლიტიკას ეხებოდა ეს საქმე. და, შესაბამისად, აქაც ცვლილებები განხორციელდა და მამუკა ბახტაძის ინიციატივები იყო ამ სფეროში".

ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე აცხადებს იმასაც, რომ "ყველა დეტალი ჩვენი შიდა სამზარეულოსი, ჯობს, რომ გარეთ არ გამოვიტანოთ სხვადასხვა მიზეზის გამო".

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. მაშინ მმართველი პარტიის წევრებმაც და თავად ბიძინა ივანიშვილმაც კვირიკაშვილთან უთანხმოების მიზეზად დაასახელეს UNICEF-ის კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას ეხებოდა. 

თავად კვირიკაშვილმა 2020 წლის 9 ივნისს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ UNICEF-ის კვლევის მიზეზად მოტანა მთლად სერიოზული არ არის.

პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძემ შეცვალა. მისი პრემიერობის დროს მიიღო მთავრობამ საბანკო რეგულაციები, რომელიც 2019 წლის იანვარში შევიდა ძალაში და, შედეგად, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით ბანკებს დაევალათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმება უფრო მკაცრად, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაუწესდა მაქსიმალური ლიმიტი, თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს.

2020 წლის მარტში კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები შეარბილა.

კომენტარები