ბოლო 24 საათში ილონ მასკი 5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა

ილონ მასკი
Reuters

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ბოლო 24 საათში 5.1 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ამგვარად, Forbes-ის მიერ წარმოებულ რეიტინგში, რომელიც რეალურ დროში გამოითვლება, მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შევიდა. 

ბოლო მონაცემებით, მასკის ქონებამ 74 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამგვარი ზრდის მიზეზი Tesla-ს აქციების 9%-ით გაძვირებაა. კომპანიის ერთი აქციის ფასი 1 668 დოლარს გაუტოლდა. 

ამავე რეიტინგში 189 მილიარდი დოლარით Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, მეორე ადგილს 114 მილიარდი დოლარით LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნო იკავებს, მცირე ჩამორჩენით, მესამე ადგილზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, მეოთხე ადგილს 90 მილიარდი დოლარით Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი იკავებს. 

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მასკმა უორენ ბაფეტს 11 ივლისს გადაასწრო, ბოლო განახლების მომენტში მასკი რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებდა.

კომენტარები