დიდი ბრიტანეთი - ჰონგ-კონგი

დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას წყვეტს

დომინიკ რააბი
Reuters

დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას წყვეტს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს, რომელიც 1989 წლიდან ჩინეთისთვის ჰქონდა დადებული, ჰონგ-კონგზეც განავრცობდა.

ამის მიზეზი ჰონგ-კონგის ახალი უშიშროების კანონი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალი უშიშროების კანონი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ჰონგ-კონგის საგარეო მოვალეობების შესრულებას.

ექსტრადიციის შეთანხმების ფარგლებში, თუ ჰონგ-კონგის მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანი დიდ ბრიტანეთში იმყოფება, ჰონგ-კონგს მისი გამოთხოვის უფლება აქვს და პირიქით. თუმცა, ახალი უშიშროების კანონის მიღების შემდეგ, დიდ ბრიტანეთში შიშობენ, რომ ჰონგ-კონგში ეჭვმიტანილის ექსტრადიცია, იგივე იქნება, რაც მისი გაგზავნა კონტინენტურ ჩინეთში.

ახალი უშიშროების კანონი ჰონგ-კონგში 30 ივნისს მიიღეს. ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეუძლია. ჩინეთის მთავრობამ ქალაქში შექმნა ეროვნული უშიშროების ოფისებიც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს. კანონი საშუალებას აძლევს ჩინეთის უშიშროების ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ. მათ მიერ შერჩეულ უშიშროების საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ახალი უშიშროების კანონის მიღების გამო ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება დიდი ბრიტანეთის გარდა ავსტრალიამ და კანადამაც შეწყვიტეს.

უკანასკნელ პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთერთობები გართულებულია. ჰონგ-კონგში ახალი უშიშროების კანონის შემოღების შემდეგ ბრიტანეთმა ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებებს გააფართოვა.ბრიტანული პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგში ცხოვრობენ, შეეძლებათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაზე განაცხადონ.

ბრიტანეთმა ასევე შეცვალა გადაწყვეტილება 5G-ქსელის შექმნაში Huawei-ს მონაწილეობაზე. შედეგად, ბრიტანული ტელეკომუნიკაციების კომპანიებს მოუწევს მიმდინარე წელს შეწყვიტონ 5G ტექნოლოგიების შეძენა Huawei-სგან, ხოლო უკვე ხმარებაში არსებული ტექნიკის შესაცვლელად ვადა 2027 წლამდე ექნებათ.

კომენტარები