რუსი პრანკერები

რუსმა პრანკერებმა პოლონეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური მდივნის სახელით დაურეკეს

nto.pl

რუსმა პრანკერებმა, ვლადიმირ კუზნეცოვმა (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის სახელით დაურეკეს.

ისინი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრებიან. პრაკნერები დუდას ეუბნებიან, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, პოლონეთის ყოფილ პრემიერმინისტრს დონალდ ტუსკს ესაუბრნენ და მან შეშფოთება გამოხატა, რომ დუდა ლგბტ ადამიანთა უფლებების დისკრიმინაციას დაიწყებს. ამაზე დუდა პასუხობს, რომ ყველა ადამიანს პატივს სცემს. გუტიერეშის სახელით პრანკერები დუდას ეუბნებიან, რომ ტუსკმა "ზუბროვკა" აჩუქა.

მოგვიანებით კი, მათ დუდას შესთავაზეს, რომ პოლონეთს უნდა დაებრუნებინა ქალაქი ლვოვი, რადგან, მათი თქმით მეორე მსოფლიო ომამდე ის პოლონეთის ნაწილი იყო. ამაზე დუდა პასუხობს:

"არა! არა! ეს უკრაინაა" და განმარტავს, რომ პოლონეთში მოქმედ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს მსგავსი მოსაზრება და ეს საკითხი არც კი განიხილება.

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ისტორიის საკითხებს, კონკრეტულად კი ომის შემდგომ პოლონეთის საბჭოთა ოკუპაციას განიხილავენ.

"რუსებს მიაჩნიათ, რომ მეგობრულად იყვნენ, მაგრამ ჩვენ ამას ოკუპაციას ვეძახით". – ამბობს ის.

ანდჟეი დუდამ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ საუბრისას მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, განსაკუთრებით მაშინ დაეჭვდა, როდესაც სიტყვა "ზუბროვკა" სწორად წარმოთქვა.

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ არკვევენ, როგორ მოახერხეს პრანკერებმა პრეზიდენტთან დაკავშირება.

რუსმა პრანკერებმა წარსულში არაერთ პოლიტიკოს დაურეკეს მოტყუებით, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს და სხვა ცნობილ ფიგურებს, როგორებიც არიან ელტონ ჯონი და პრინცი ჰარი.

კომენტარები