მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს მილიარდერთა რეიტინგის შექმნის მომენტიდან ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზრდაა.
ამგვარი ზრდის მიზეზი ბეზოსის მთავარი აქტივის, Amazon-ის აქციების გაძვირებაა, რომელთა ფასიც ბოლო 24 საათში 7.9%-ით გაიზარდა. ჯამურად, მიმდინარე წელს კომპანიიის ერთი აქციის ფასი 73%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წელს ბეზოსი 74 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ჯამურმა ქონებამ 189 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბეზოსი პერსონალურად უფრო მეტი ღირს, ვიდრე Exxon Mobile-ი, Nike-ი ან Mcdonalds-ი.
ბეზოსი Amazon-ის აქციების 11%-ს ფლობს, პარალელურად გაიზარდა ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკკენზი ბეზოსის ქონებაც, რომელმაც გაშორების შემდეგ Amazon-ის აქციების 4.5% მიიღო. ბოლო 24 საათში მაკკენზი ბეზოსის ქონება 4.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.