Edison Research-ის კვლევი

ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

"მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში, საინტერესოა, როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს. მთავრობა ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული". - თქვა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბევრი პროგრამა, რომელიც მეტ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, პანდემიის გამო ვერ სრულდება, თუმცა, იმედი აქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყანა განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება, რომელიც დაგეგმილი იყო".

"საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა - სულ სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია". - თქვა მან.

Edison Research-ის 16 ივლისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, პარტია ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 67%-ს, პოზიტიური კი მხოლოდ 33%-ს.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს.

კომენტარები