ევროპარლამენტი

მოვუწოდებთ მთავრობას ებრძოლოს დეზინფორმაციას - შესწორება ასოცირების შეთანხმების ანგარიშში

europarl.europa.eu

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში, რომელსაც კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან, 165 შესწორება მომზადდა. შესწორებებში საუბარია კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე. ასევე ხაზგასმულია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა. ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ებრძოლოს დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს ინსტიტუტებს ძირს უთხრის და ანტიდასავლურ ნარატივებს და საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს.

30-ე შესწორებაში, რომელიც ანა ფოტიგამ, ჰერმან ჰერმან ტერჩშმა, კოსმა ზლოტოვსკიმ, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკიმ და ჩარლი ვეიმერსმა მოამზადეს, ხაზგასმულია დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ეფექტური ზომების მიღების მნიშვნელობა.

"ხაზს ვუსვამთ ეფექტური გამოძიებისთვის ზომების მიღების მნიშვნელობას საგარეო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ინსტიტუტებს ძირს უთხრის და ანტიდასავლურ ნარატივებსა და საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიზიაროს ევროკავშირის პრაქტიკა და გადაჭრის გზები, როგორიცაა "სამოქმედო გეგმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ" და "ევროკავშირის პრაქტიკა დეზინფორმაციაზე" ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით".

31-ე შესწორების ავტორებიც ანა ფოტიგა, ჰერმან ჰერმან ტერჩში, კოსმა ზლოტოვსკი, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი და ჩარლი ვეიმერსი არიან. მასში ნახსენებია დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ:

"ვაქებთ საქართველოს ჯანდაცვის მუშაკების, მთავრობის და სხვა პირების ძალისხმევას, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული. ვცნობთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღვაწლს, რომელიც თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას ეკუთვნის, რომელიც აშშ-ს მთავრობის დაფუძნებულია და რუსული სადეზინფორმაციო კამპანიისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე გახდა გახსნის დღიდან".

39-ე შეწორებაში ანა ფოტიგა, ჰერმან ჰერმან ტერჩში, კოსმა ზლოტოვსკი, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი და ჩარლი ვეიმერსი კვლავ აღნიშნავენ, რომ საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის სამიზნეა და ევროსაბჭოსა და ევოკავშირის საგარეო ქმედების სააგენტოს (EEAS) მოუწოდებენ, გააძლიერონ საქართველოსთან თანამშრომლობა კიბერ-უსაფრთხოების საკითზე:

"ვგმობთ რუსეთის ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და მათ ხშირ მცდელობებს, გამოიყენონ საქართველო საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიის დასატესტად და მავნებლური კიბერშესაძლებლობებისათვის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ინფრასტრუქტურაზე 2019 წლის ოქტომბერში მომხდარმა მასიურმა კიბერთავდასხმამ გამოამჟღავნა. მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ქმედების სააგენტოს, გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების, როგორც საერთო ინტერესის, საკითხზე".

მეასე შესწორებაში ანდჟეი ჰალიცკი ახსენებს Facebook-ის მიერ წაშლილ ქართულ გვერდებს, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებული:

"აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის მაისში Facebook-მა წაშალა ასობით გვერდი და პროფილი საქართველოში მათი "არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების" გამო. Facebook-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დიდი ალბათობით ისინი "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებული და მათ სამიზნეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმოადგენდნენ. საარჩევნო კამპანია მსგავსი ქმედებებისგან თავისუფალი უნდა იყოს".

ასმეორე შესწორება ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიანეს, სანდრა კალნიეტეს და მირიამ ლექსმანს ეკუთვნით. ისინიც Facebook-ის მიერ წაშლილი გვერდების მმართველი პარტიის მიერ დაფინანსებაზე გამოხატავენ შეშფოთებას:

"შეშფოთებით გახსენებთ, რომ 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის მაისში Facebook-მა მმართველი პარტიის მიერ დაფინანსებული გვერდების და ანგარიშების დიდი რაოდენობა წაშალა, რომლებიც "კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში" მონაწილეობდნენ და თავს ესხმოდნენ ოპოზიციას, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ აქტივისტებს და ავრცელებდნენ ანტი-დემოკრატიულ და ანტი-დასავლურ გზავნილებს".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. ანგარიშს კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა. ვრცლად ანგარიშში განხილული საკითხების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები