პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანდჟეი დუდამ გაიმარჯვა - დათვლილია ხმათა 99.97%

პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმათა 99.97%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა, ანდჟეი დუდამ გაიმარჯვა.

კანონი და სამართლის კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 51.21% მიიღო, მისმა კონკურენტმა, სამოქალაქო პლატფორმის კანდიდატმა და ვარშავის მერმა, რაფალ ტჟასკოვსკიმ კი – 48.79%.

საარჩევნო კომისიის ცნობით, დაუთვლელი ხმები არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლის.

13 ივლისს ჩატარებულ პირველ ტურში დუდამ ხმების 43.50% აიღო, ტჟასკოვსკიმ კი – 30.46%, რის გამოც მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

ანდჟეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი მეორე ვადით ხდება. 2015 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოულოდნელად დაამარცხა იმჟამინდელი პრეზიდენტი და სახელისუფლებო კანდიდატი, ბრონისლავ კომოროვსკი.

პოლონეთის პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, რაც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიისათვის პრობლემური გახდებოდა. ანდჟეი დუდა იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიული და ევროსკეპტიკული მმართველი პარტიის, კანონი და სამართლის წევრია. მისგან განსხვავებით, ოპოზიციის კანდიდატი ამომრჩეველს მეტად ლიბერალურ კურსსა და ევროკავშირთან უთანხმოებების აღმოფხვრას ჰპირდებოდა.

პოლონეთში არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო. მაისამდე ჩატარებული გამოკითხვებით, დუდას პირველსავე ტურში უნდა გაემარჯვა. მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია.

 

კომენტარები