რუსეთი

რუსეთში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც პუტინის საწინააღმდეგო აქციას გეგმავდნენ

The Moscow Times

კრემლის კრიტიკოსის მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Open Russia, წერს, რომ მოსკოვში ორგანიზაციის ოფისები გაჩხრიკეს და ორგანიზაციის ორი წევრი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი, დააკავეს

პივოვაროვმა 9 ივლისს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ხალხს მომავალ კვირას დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისგან მოუწოდა. 

15 ივლისს აქტივისტებმა მოსკოვში ანტისამთავრობო აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სამუდამოდ პუტინს - არა".

აქტივისტები ამბობენ, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე არალეგიტიმური იყო, ჩატარდა დარღვევებით და ახლა პუტინის, რომელიც რუსეთს 20 წელია მართავს, წასვლის დროა. მოსკოვში ახალი კორონავირუსის გამო მასობრივი შეკრებები კვლავ აკრძალულია. 

დღეს რუსეთში კიდევ ოთხი აქტივისტის სახლი გაჩხრიკეს. 

იაბლოკოს და ქალაქის საკრებულოს წევრმა იულია გალამინამ თქვა, რომ პოლიცია მის სახლთან 9 ივლისს დილით მივიდა და დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარს არ გააღებდა, კარს ჩამოიღებდა.

"ეს კონსტიტუციური რეფორმების საწინააღმდეგო კამპანიის, დაგეგმილი აქციის გამო ხდება", - თქვა მან. 

Open Russia-ს განცხადებით, 9 ივლისს ორგანიზაციის წევრების, ტატიანა უსმანოვას და ოლღა გორელიკის სახლებიც გაჩხრიკეს. 

რუსეთის დამოუკიდებელი მედიის MBKh Media მთავარი რედაქტორის, სერგეი პროსტაკოვის სახლიც გაჩხრიკეს. MBKh Media-ც ხოდოროვსკიმ დააარსა. 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ ჩხრეკის მიზანი კრემლის კრიტიკოსების დაშინებაა:

"ეს არის პუტინის და პუტინის ცვლილებების მოწინააღმდეგეების დამორალიზების და მათი საჯაროდ დასჯის მცდელობა".

რუსეთში ამომრჩეველთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67.97%-მა.

რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღედ გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის, გათამაშდა მანქანები და ბინები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ 2 100-ზე მეტი საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, მაგრამ ეს ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 6 ან 12 წელს მართოს ქვეყანა.

კომენტარები