საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილმა წლიურმა ანგარიშმა "პრაქტიკულად ყველა დარგი გადაფარა".
როგორც ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ოპოზიციისგან იგი მეტ კრიტიკულ კითხვას ელოდა, - "მაგრამ, ეტყობა, ამ ხალხს უკვე, ნაციონალური მოძრაობას და არა მარტო, ევროპული საქართველოს [...] მათ ადრე ჰქონდათ რაღაც რესურსი და იყვნენ სადისტები და ახლა რაღაც მაზოხისტები გახდნენ".
საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, თუ ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს საჰაერო სივრცეები, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს. მაგრამ გია ვოლსკი ამ საკითხზე ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს არასწორად ფორმულირებულს უწოდებს და პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.
"არასწორ შეკითხვებს სვამენ, არასწორი კუთხით. თორემ მეც მაინტერესებს, თუკი ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს ფრენები, საქართველოს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ამას ისეთი ნიშნისმოგებით და ისეთი ფორმით სვამენ, რომ ვფიქრობ, პოლიტიკური სპეკულაცია მეტია, ვიდრე საქმიანი დამოკიდებულების სურვილი". – ამბობს ვოლსკი.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. კერძოდ, დეპუტატმა პრემიერს ჰკითხა, რატომ არ ხსნის საქართველო საერთაშორისო ფრენებს მაშინ, როდესაც ყველა ინფორმაციით ევროკავშირი თავად აპირებს საქართველოსთან საზღვრების გახსნას.
25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1-ლ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.
მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის.