თბილისის მერია

კილაძე ბანერებზე: ბატონმა კალაძემ განმარტა, რომ ეს სისხლი კი არა, ჩამოღვენთილი არისო უბრალოდ

BeFunky

"ბატონმა კალაძემ თავად განმარტა, რომ ეს სისხლი კი არა, ჩამოღვენთილი არისო უბრალოდ და ესეთი ფორმა შევარჩიეთო", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე თბილისის მერის მიერ  ფეიკნიუსებთან დაწყებული ბრძოლის პროექტისთვის შექმნილ ბანერებს. 

კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ბანერი, რომელსაც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე რეკლამირება გაუწია. ბანერზე სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული - მთავარი არხის, TV პირველის და ფორმულასი.

ბანერებთან დაკავშირებით, კალაძემ მოგვიანებით თქვა, რომ "სისხლი არაფერ შუაშია, ესაა ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები". 

იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა, ფეიკნიუსებთან ბრძოლას საკუთარი Like-გვერდიდან აპირებს. 

სოფო კილაძე თბილისის მერის ამ წამოწყებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ  საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი Fake მედიასაშუალება, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს, თუმცა, კილაძის აზრით, საზოგადოება ბოლოს ყოველთვის "ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს, იმიტომ, რომ არჩევნებზე ყველა ქართულ ოცნებას უჭერს მხარს". 

კილაძის თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ თავისუფალი მედიაა. 

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენთან მედიაპლურალიზმი არის იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში", - ამბობს კილაძე.  

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კომენტარები