გეგიძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებების მხარდაჭერას არ ვაპირებ

"მოცემულობაში, როდესაც მიდის გაცხარებული ვაჭრობა პოლიტიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს შორის და ეს მიდის გადარბენების, შეურაცხყოფების, ტყუილის, სიცრუის, უზნეობის, უღირსობის ფონზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არის აბსოლუტურად დევალვირებული და არ გამოხატავს არც ხალხის, არც სახელმწიფო ინტერესებს და არც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზის, ღირსეული მომავლის ინტერესებს. ხალხის უკიდურესი სიღარიბისა და ყოველდღიური ყოფითი პრობლემების ფონზე პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს არ ახსოვს მათი ბიოგრაფია, მათი ისტორია, მათი დაპირებები, მათი გადაგდებები, მათი არათანმიმდევრული პოზიციები, მათი ე. წ. არგუმენტები და მათი, მხოლოდ და მხოლოდ კერძო ინტერესებიდან მიღებული, გადაწყვეტილებები. ისინი ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი არის ელექტორალური მასა, რომელსაც აქვს მოკლე მეხსიერება და რომელსაც, შეგიძლია, მორიგი ტყუილებით, დაპირებებით, ცრუ, ყალბი პროპაგანდით მოატყუო და მათგან იყიდო ხმები. აქედან გამომდინარე, ამ ყვეალფერს არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან და ხალხის ინტერესებთან. ქვეყანაში არის პოლიტიკური მარაზმის მოცემულობა. მე არ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგანაც ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღწეული მონაპოვარი და დღევანდელი ცვლილებები ვერანაირად ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა".

ქართული ოცნების რიგებიდან გარიცხული დეპუტატი, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, რაც 8 მარტის შეთანხმების ნაწილია.

კომენტარები