ჟორჟოლიანი: ევსაქების გარეშეც საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მისაღებად ხმები საკმარისია

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მისაღებად პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არსებობს. 

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილების მიღება ევროპული საქართველოს ხმების გარეშეცაა შესაძლებელი. 

"პატრიოტთა ალიანსიდან, სოციალ-დემოკრატებისგან და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან გვექნება ხმების ის რაოდენობა, რაც სავსებით საკმარისია. ქართულ ოცნებასთან ერთად 113-ზე ბევრად მეტი ხმა იქნება. ვფიქრობ, მხოლოდ აქედან 120-მდე ხმა იქნება". – თქვა ჟორჟოლიანმა. 

ჟორჟოლიანის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი გავა. 

"თუ ამას ევროპული საქართველოც დაემატება, კიდევ მეტი ხმა იქნება. თუ არადა, სავსებით საკმარისია. ევროპული საქართველოს გარეშეც ეს ცვლილება მიღებული იქნება". – ამბობს გია ჟორჟოლიანი. 

21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ პარტია პირველი მოსმენისას კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მხარდაჭერის მიზანია, რომ მესამე მოსმენამდე ხელისუფლებას მიეცეს დრო, გაათავისუფლოს რურუა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მოსმენის დროს პარტია კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არც პირველი მოსმენისას აპირებს, თუმცა პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 ივნისს თქვა, რომ კვლავ დეპუტატი რომ იყოს, არც კი დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

კომენტარები