გავრილოვი პარლამენტში

ხოშტარია: 20 ივნისს დაიწყო დიდი ბრძოლა, რომელიც არჩევნებზე ქართულ ოცნებას შეცვლის

ტაბულა

"20 ივნისი ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე, რაც ამ დღეს მოხდა", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, "გავრილოვის ღამის" წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე თქვა. 

მისი თქმით, 20 ივნისი არის ქართული ოცნების სირცხვილის დღე, რომელსაც ვერასდროს მოიწმენდს, მაგრამ, ასევე, ქართველი ხალხის ღირსების დღეცაა. 

"20 ივნისი არის ტკივილის დღე. დღეს, აქ და სახლებში არიან ადამიანები, ვინც საშინლად დაზარალდნენ იმ ძალადობისგან. მე არ შემიძლია, დღეს არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა დაკარგა აფხაზეთის ომის დროს და მეორე თვალზე აქ, ქართველი პოლიციელებისგან და ქართული ოცნებისგან, ანტისაოკუპაციო აქციაზე და საერთოდ ვეღარ იხედება დღეს. 

20 ივნისი არის ქართული ოცნების სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმინდავენ, მაგრამ აგრეთვე ქართველი ხალხის ღირსების დღე, როდესაც ეს ქვეყანა ივანიშვილს, გავრილოვს და ქართულ ოცნებას გამოვართვით და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთნის დასავლეთს, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას", - ამბობს ხოშტარია. 

მისივე თქმით, 20 ივნისს დაიწყო დიდი ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში, არჩევნებზე, ამ ხელისუფლებას შეცვლის. 

"ვინც მოვალთ ხელისუფლებაში, არავინ აღარ გაიფიქროს, რომ ასე მოეპყროს თავის მოქალაქეებს. არავინ გაიფიქროს, რომ სკამში მოკალათდება და ჩვენს მოქალაქეებს ასე მოექცევა.

მე მინდა, მივმართო გავრილოვს, კადიროვს და პუტინს, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი .

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები