რააბი: რუსეთი, ჩინეთი კორონავირუსის კრიზისის ექსპლუატაციას ცდილობენ

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინკ რააბმა, განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ახალი კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის ექსპლუატაციას ცდილობენ.

რააბი განმარტავს, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვევებმა სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისთვის კიბერ- და სხვა საშუალებებით შექმნა შესაძლებლობა ან [მცდარად] აღქმული შესაძლებლობა:

"რუსეთი და სხვა ქვეყნები და არასახელმწიფო აქტორები ხედავენ კორონავირუსის შედეგად შექმნილ გამოწვევებს და ამის ექსპლუატაციას ცდილობენ. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გვაქვს თავდაცვა, გამძლეობა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მივცეთ".

მისი თქმით, ეს ასევე გამოჩნდა ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მაგალითზე, სადაც პეკინმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებით ქალაქის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა განიზრახა - "ეს მაშინ ხდება, როდესაც მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსზეა გადართული".

მან დიდ შვიდეულის ქვეყნების განცხადება მოიხმო, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრას გმობენ.

კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებზე საუბრისას რააბმა ახსენა რუსეთის, ჩინეთის და ირანის დეზინფორმაციის კამპანია: "ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ რუსეთი სისტემატურადაა ჩართული დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში, კიბერ- და სხვა გზებით. სხვებიც, ჩინეთი და ირანიც, ამგვარად ერთვებიან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საარჩევნო პროცესზე რაიმე გავლენა მოახდინა".

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის რეჟიმები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს აშშ-ის მიერ განხორციელებული აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურდათ.

26 მარტს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ახალი კორონავირუსის შესახებ ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს.

24 თებერვლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში გამოავლინა ათასობით ანგარიში, სადაც ჩანდა ჩინეთისა და რუსეთის კოორდინირებული მოქმედება, იმისათვის, რომ პანიკა დაეთესათ კორონავირუსთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.

კომენტარები