ღია ცის შეთანხმება

ღია ცის შეთანხმების წევრები 6 ივლისს კონფერენციას გამართავენ - TASS

რუსეთის საჰაერო ძალები. 2019 წელი.
AFP

ღია ცის შეთანხმების წევრები 6 ივლისს კონფერენციას გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კონფერენცია შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას შეეხება.

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ღია ცის ხელშეკრულებას, რომელიც 35 ქვეყანას ერთმანეთთან შეუიარაღებელ სადამკვირვებლო ფრენის საშუალებას აძლევს. ამის მიზეზად მან რუსეთის დარღვევები დაასახელა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის პომპეო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფრენის არდაშვებას ასახელებს:

"რუსეთი უარს ამბობდა სადამკვირვებლო ფრენის შესაძლებლობის მიცემაზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მისი საზღვრის გასწვრივ ათკილომეტრიან დერეფანში. ამით რუსეთი ცდილობდა, ხელი შეეწყო ყალბი მტკიცებისთვის, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია". 

შეერთებული შტატების შეთანხმებიდან გასვლაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში "რას გვიმალავს რუსეთი? ამერიკა "ღია ცის" შეთანხმებიდან გადის".

-------------

თავდაპირველად, 1955 წელს, ღია ცის შესახებ შეთანხმების ინიციატივა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს, დუაიტ ეიზენჰაუერს ეკუთვნოდა. შეთანხმებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და 2002 წელს ამოქმედდა.

ამჟამად შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აპრილში საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებელებების შესრულების შეწყვეტის გამო გადადგა:

"ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს ღია ცის ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის".

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი წერს, რომ როდესაც აშშ ღია ცის ხელშეკრულებას დატოვებს, ეს გადაწყვეტილება შეიარაღების კონტროლის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული მომენტი იქნება.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF). შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

ხსენებული შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და NATO-მ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას მცირე დროში გახდის შესაძლებელს.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან NATO-ს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს". – განაცხადა პომპეომ თებერვალში.

კომენტარები