ჩრდილოეთ კორეა ჯარის გაგზავნით იმუქრება სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში

ჩრდილოეთ კორეა ჯარის გაგზავნით იმუქრება სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში.  კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ არმიას უკვე მისცა ბრძანება დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსების მზადყოფნისათვის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ბუშტებზე მიბმულ ბროშურებს და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების ჯგუფები საზღვარზე უშვებენ. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს.

სამხრეთ კორეაში მუქარის საპასუხოდ თქვეს, რომ აშშ-სთან ერთად აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების გადაადგილებას.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ, მათ შორის, გაითიშა ცხელი ხაზი, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, ასევე, სამხედრო კომუნიკაციის არხები.

ჩრდილოეთ კორეაში თქვეს, რომ ეს პირველი ნაბიჯია "მტრის" წინააღმდეგ.

კომენტარები