მადელინ მაკკენის საქმე

BBC: 3 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ პოლიციას მნიშვნელოვანი სამხილები აქვს

კრისტიან ბ.
BBC

პორტუგალიის პოლიციის ინფორმაციით, 2007 წელს 3 წლის ბავშვის, მადელინ მაკკენის გაუჩინარების საქმეზე გერმანიაში დაწყებული გამოძიების შედეგად მოიპოვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ახალი ეჭვმიტანილის, 43 წლის გერმანელი მამაკაცის, კრისტიან ბ.-ს ბრალეულობაზე მიუთითებს.

გერმანელ გამომძიებლებთან პორტუგალიისა და დიდი ბრიტანეთის პოლიცია თანამშრომლობს. პორტუგალიის პოლიციის წყარომ, რომელიც გამოძიებაში არსებულ სამხილებს გაეცნო, BBC-ს უთხრა, რომ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია.

ამ დრომდე გერმანიის პროკურატურაში ამბობდნენ, რომ სამხილების საფუძველზე ეჭვი ჰქონდათ, რომ კრისტიან ბ.-მ მადელინ მაკკენი მოკლა, თუმცა მის გასასამართლებლად ეს სამხილები საკმარისი არ იყო.

კრისტიან ბ. რეგულარულად სტუმრობდა იმ კურორტს, საიდანაც ბავშვი გაუჩინარდა. მან ამ ტერიტორიაზე არაერთი დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გაძარცვა სასტუმროები და ვაჭრობდა ნარკოტიკებით. სწორედ ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო დააკავეს, გერმანიაში მისი ექსტრადიცია კი 2017 წელს მოხდა და დღემდე სასჯელს გერმანიის ციხეში იხდის.

2019 წელს მას საჯელი დაუმძიმდა და 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პორტუგალიაში 2005 წელს 72 წლის ამერიკელი ქალის გაუპატიურების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა პროკურორებმა მადელინ მაკკენი გარდაცვლილად მიიჩნიეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ბრიტანეთის პოლიცია საქმეს კვლავ გაუჩინარების კუთხით იძიებს და მიაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულება არაა, რაც მიუთითებდა იმაზე, ცოცხალია თუ არა მადელინ მაკკენი.

მადელინ მაკკენი პორტუგალიის ერთერთ კურორტზე მშობლებთან ერთად ისვენებდა. 2007 წლის 3 მაისს, როდესაც მშობლები ახლომდებარე ბარში იმყოფებოდნენ, ის გაუჩინარდა.

წლების განმავლობაში პოლიციას საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდა, მათ შორის, ბავშვის მშობლებიც. თავდაპირველად მადელინს პორტუგალიის პოლიცია ეძებდა, 2011 წლიდან კი ხელახალი გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის პოლიციამ.  2011 წლის შემდეგ გამოძიების ხარჯებმა 11 მილიონ ფუნტს მიაღწია.

2018 წელს ბრიტანეთის პოლიციას გამოძიების გასაგრძელებლად დამატებით 150 000 ფუნტი გამოეყო. 2019 წელს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიებას მხოლოდ 2020 წლის მარტამდე დააფინანსებდა. ამავე წელს Netflix-მა გამოუშვა 8-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი მადელინის გაუჩინარებაზე.

კომენტარები