2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

სააკაშვილი: როგორ შეიძლება, გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა

მთავარი არხი

"როგორ შეიძლება, გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე გაგიგიათ"? – ამბობს მთავარი არხის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შექმნას გულისხმობს.

"ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობა. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა – ძალა ერთობაშია. ამის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა. მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მარცხდება, მაგრამ ესაა ბევრად მარტივი". – ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, ვიდეომიმართვის საშუალებით გააჟღერა. მისი თქმით, ერთიანი სიის შედგენა "ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა იქნება".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას იმავე დღეს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შექმნის წინანადებას პარტია არ განიხილავს, რადგან ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ივანიშვილის ინტერესებშია. ინიციატივას არც "ლელო" იზიარებს – გრიგოლ გეგელიას თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა გამოსავალია, რასაც მისი პარტია არ ეთანხმება. ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ერთიანი სიის შექმნა კოალიციური ხედვის გამტკიცებას ემსახურება. სალომე სამადაშვილის თქმით, მას არ ესმის, როგორ შეუწყობს ხელს ორპოლუსიანობას ეს ინიციატივა.

კომენტარები