აშშ

ატლანტაში პოლიციამ დაკავებისას აფროამერიკელი კაცი მოკლა, პოლიციის უფროსი პოსტიდან გადადგა

AP

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პოლიციამ Wendy's-ის რესტორნის პარკინგზე 27 წლის აფროამერიკელი კაცი რეიშარდ ბრუქსი მოკლა.

12 ივნისს რესტორანთან პოლიცია გამოიძახეს, რადგან ბრუქსს საკუთარ მანქანაში ჩაეძინა და გასასვლელს ბლოკავდა. პოლიციის მტკიცებით, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. სათვალთვალო კამერების და გამვლელების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბრუქსს დაპირისპირება აქვს ორ პოლიციელთან, შემდეგ კი ერთ-ერთს ელექტროშოკურ პისტოლეტს ართმევს და გარბის. ვიდეოში ისმის გასროლის ხმა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ბრუქსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხეულის დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა პოლიციელმაც.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ბრუქსის ადვოკატის თქმით ელექტროშოკული იარაღი ლეტალური არ არის და პოლიციას სროლის უფლება არ ჰქონდა.

შემთხვევას ატლანტაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეები პოლიციელების დასჯას ითხოვენ. მათ Wendy's-ის რესტორანი გადაწვეს.

ინციდენტში მონაწილე პოლიციელებიდან ერთ-ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე კი დროებით დაითხოვეს.

ატლანტაში უკვე კვირაზე მეტია, მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციამ დაკავებისას მოკლა ჯორჯ ფლოიდი. აქციები გრძელდება აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. მომიტინგეთა ნაწილი პოლიციის რეფორმას მოითხოვს.

კომენტარები