ახალი კორონავირუსი სომხეთში

ფაშინიანი: თუ დღეში 550-600-ზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება, შესაძლოა, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ, თუ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევები დღეში 500-600-ს გადააჭარბებს, ქვეყანა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ ჩაიკეტოს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემას დღეში მხოლოდ 600-მდე ახალი ინფიცირებულის მიღება შეუძლია.

12 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ვირუსული ინფექციის 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში COVID 19 დაუდასტურდა 15 281 პირს.

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს ამბობდა, რომ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომელთა ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოებში ადგილების სიმცირის გამო ვერ ხერხდებოდა. მისივე ინფორმაციით, 6 ივნისისთვის ასეთ ინფიცირებულთა რაოდენობა 200-მდე იყო. ამავე დღის მონაცემებით, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, რადგან რეანიმაციის განყოფილებაში მათი დროულად გადაყვანა ვერ მოხერხდა.

11 ივნისს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

კომენტარები