აშშ

ტრამპი სიეტლის მერს და ვაშინგტონის გუბერნატორს: დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი ან ამას მე გავაკეთებ

დონალდ ტრამპი
spokesman.com

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის გუბერნატორს ჯეი ინსლესა და სიეტლის მერს ჯენი დურკანს მოუწოდა, რომ ქალაქი დაიბრუნონ.

"რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯეი ინსლესა და სიეტლის მერს მასხრად იგდებენ და აპამპულავებენ ისე, როგორც ჩვენს დიდებულ ქვეყანას აქამდე არასოდეს უნახავს. ახლავე დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი. თუ თქვენ ამას არ იზამთ, მე ვიზამ. ეს არ არის თამაში. ეს მახინჯი ანარქისტები დაუყოვნებლივ უნდა დანებდნენ. სწრაფად იმოქმედეთ!"

ამას გარდა, 10 ივნისს ტრამპმა დაწერა, რომ სიეტლი რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ მართულმა ტერორისტებმა დაიკავეს. "დამყარდეს კანონი და წესრიგი!" - წერს პრეზიდენტი. 

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მომიტინგეებმა დაიკავეს სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც "დააარსეს" "კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონა", იგივე CHAZ,  ქალაქის ექვსი შენობა - საცხოვრებელი სახლები და  დაწესებულებები. მათ  სიეტლის პოლიციის დეპარტამენტს დააწერეს: "სიეტლის სახალხო დეპარტამენტი". 

მომიტინგეებმა  ბარიკადები აღმართეს. ე.წ. გამშვებ პუნქტებში შეიარაღებული პირები დგანან. მათი განცხადებით, CHAZ "პოლიციისგან თავისუფალი ზონაა". ამერიკული მედია წერს, რომ პოლიციელებმა ტერიტორიის წინა ნაწილიდან ბარიკადები მოხსნეს.

სიეტლის მერმა, ჯენი დიურკანმა, აშშ-ის პრეზიდენტს შედეგნაირად უპასუხა: "ჩვენ თავი დაგვანებე, შენ კი ბუნკერში დაბრუნდი".

9 ივნისს ასობით მომიტინგემ დიურკანის გადადგომა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქის მერი, ჯენი დიურკანი სიეტლის პოლიციის დეპარტამენტს არ დაშლის, იგი უნდა გადადგეს.

ერთ კვირაზე მეტია, რაც აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. ფლოიდის საქმეზე, აქციებზე და პოლიციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გასულ თვეს ტრამპმა მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებზე დაწერა:

"ვერ გავდგები განზე და ვერ ვუყურებ, რა  ხდება შესანიშნავ ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში. ლიდერები სრულ კრიზისში არიან. ან რადიკალი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი იმოქმედებს და დაამყარებს კონტროლს ქალაქში, ან გავგზავნი ეროვნულ გვარდიას, იმისათვის, რომ ეს საქმე გამოასწოროს.

ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი, რომ სამხედროები გზაში არიან და მხარში დაუდგებიან. თუკი რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!"

Twitter-მა ტრამპის პოსტს გამაფრთხილებელი წარწერა გაუკეთა: "ეს ტვიტი არღვევს ჩვენს წესებს ძალადობის წახალისების შესახებ, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს, შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში იყოს".

კომენტარები