თიანანმენის ტრაგედიის წლისთავის აღნიშვნის გამო Zoom-მა აქტივისტებს ანგარიშები დაუხურა

Shutterstock

აპლიკაცია Zoom-მა დროებით დაუხურა ანგარიშები იმ აქტივისტებს, რომლებმაც თიანანმენის ტრაგედიის წლისთავზე ონლაინშეკრება გამართეს.

1989 წლის 4 ივნისის მოვლენები აშშ-ში მოქმედი ჯგუფის, "ჰუმანიტარული ჩინეთის" 250-მდე აქტივისტმა ვიდეოზარის მეშვეობით გაიხსენა. მათი თქმით, ამაში ჩართეს ჩინეთში მყოფი პირებიც.

კომპანიაში აღიარეს, რომ ანგარიშები მართლაც დაიხურა, თუმცა მალევე აღადგინეს.

"როგორც ყველა გლობალური კომპანია, ჩვენც უნდა დავემორჩილოთ იმ ქვეყნების კანონებს, რომელშიც ვსაქმიანობთ". - თქვა Zoom-ის სპიკერმა.

აქტივისტებს კი მიაჩნიათ, რომ კომპანიაზე ზეწოლას ჩინეთის კომუნისტური პარტია ახდენს. ჩინეთში სოციალური ქსელების უმეტესობა აკრძალულია და მკაცრი ცენზურა მოქმედებს. ასევე იკრძალება თიანანმენის წლისთავის ნებისმიერი ფორმით აღნიშვნა.

1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

Zoom-ი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. კომპანიის სათაო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი ერიკ იუანია. აპლიკაციაში არსებული ხარვეზების გამო აპრილში მან ბოდიში მოიხადა.

აპლიკაციის მიმართ მომხმარებლების საჩივარი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. კრიტიკის საგანი გახდა ის, რომ აპლიკაცია მომხმარებლის მონაცემებს Facebook-ს უგზავნის. გარდა ამისა, მცდარი აღმოჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აპლიკაცია ორმხრივ დაშიფრვას (end-to-end encryption) ახორციელებს. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც Apple-ის Macbook-ის მფლობელების კამერებსა და მიკროფონებზე წვდომა აპლიკაციის მეშვეობით მოიპოვეს.

გარდა ამისა, გაჩნდა ახალი ფენომენი, რომელსაც zoombombing-ი უწოდეს. დაუპატიჟებელი პირები, რომლებიც ვიდეოკონფერენციის ლინკებს სოციალური მედიის პლატფორმებზე, ან ვებგვერდებზე პოულობენ, ერთვებიან და კონფერენციის ჩაშლას ყვირილით, რასისტული გამონათქვამებითა და პორნოგრაფიის გაზიარებით ცდილობენ.

კომენტარები