კორონავირუსი პოლონეთში

Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პოლონეთის ხელისუფლება 12 მაღაროს დროებით ხურავს

კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების გამო, პოლონეთის ხელისუფლება სილეზიის 12 მაღაროს 3 კვირით დახურავს. სახელმწიფო ქონების მინისტრის, ვიცეპრემიერ იაცეკ საშინის თქმით, ეს "დროებითი მოქმედებებია", რაც "გადაცემას შეაჩერებს" და რეგიონში ეპიდემიას აღმოფხვრის. მან დაამატა, რომ მაღაროელები ხელფასის 100%-ს მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის თქმით, კორონავირუსზე 50 000-ზე მეტი მაღაროელი გამოიკვლიეს და დადებითი შემთხვევების რაოდენობა მაღალია. შუმოვსკიმ აღნიშნა, რომ დღეში 100-200 ახალ შემთხვევას ელოდებიან.

"სხვა პროვინციებში სიტუაცია კონტროლდება" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ "ვირუსი და ეპიდემია არ გამქრალა".

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 27 000-ს გადაცდა, გარდაიცვალა 1166 ადამიანი. ამასთან, ბოლო სამი დღეა, ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 600-ს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა მაღაროებს უკავშირდება.

კომენტარები