რუდი: ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას შიშის დათესვის მიზნით ავრცელებენ

ელიზაბეთ რუდი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა სომხურ მედიას ინტერვიუ მისცა. სხვა საკითხებთან ერთად ერთად დიპლომატს ლუგარის ლაბორატორიასა და მასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიაზე ჰკითხეს.

გამოცემა სასაზღვრო ზონა: ყოველ 6 თვეში გვესმის ხმები ბიოლოგიურ იარაღზე, რატომ?

ელიზაბეთ რუდი: "იმიტომ, რომ მათი ტაქტიკა, ვინც პროპაგანდისთვის ამ ტიპის დეზინფორმაციას იყენებს, შიშის დათესვაა. და რა შეძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე იდეა, რომ ბიოლოგიური იარაღი მზადდება.

მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის. ეს ყალბი ამბავია, დეზინფორმაციაა. ეს არ არის ამბავი, ეს ყალბი პროპაგანდაა.

ადამიანები, ვირუსის გამო შეშინებულები არიან და ისინი იყენებენ ამ დეზინფორმაციას შიშის გაძლიერებისთვის. ცდილობენ, გააძლიერონ უნდობლობა მოსახლეობას და მთავრობას შორის. ასევე, ძირი გამოუთხარონ ქვეყნებს [აშშ-სა და საქართველოს] შორის ნდობასა და თანამშრომლობას, რომლებიც ერთად უნდა ებრძოდნენ პანდემიას".

რუსეთი საქართველოსგან ითხოვს, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება ჰქონდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, 2019 წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.
 

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრის პოსტს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში იკავებდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად სწორედ იგორ გიორგაძე დასახელდა. თუმცა, გიორგაძემ საქართველო იმავე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზიდან დატოვა. იმ დროიდან მოყოლებული გიორგაძე რუსეთში ცხოვრობს.

ლუგარის ლაბორატორიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები