ეკლესიისთვის ტყის გადაცემა

საია: ეკლესიისათვის ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია

reginfo

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია. საია-ს მიაჩნია, რომ ტყის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს. ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და, მეორეს მხრივ, საზოგადოების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ტყის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

"იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემა ხდება არა საერთო საზოგადოებრივი, არამედ კონკრეტული რელიგიური გაერთიანების კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, აზრს უკარგავს ამავე კოდექსით სახელმწიფო ტყის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსად აღიარებას. 

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დისკრიმინაციული ხასიათისაა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს" - აცხადებს საია.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

"მიგვაჩნია, რომ არსებული გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის სტანდარტებს და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მხარი დაუჭირა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტს - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს EMC-ც. ასევე, EMC-ის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.  

კომენტარები