ახალი კორონავირუსი სომხეთში

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდნენ

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ცნობით, ის და მისი ოჯახის წევრები ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ფაშინიანი Facebook-ზე წერს.

სომხეთის პრემიერმინისტრის ცნობით, მათ ახლახანს მიიღეს განმეორებითი ტესტის პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფრომაცია ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სომხეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსული ინფექციით ჯამში 211 პირი დაიღუპა. გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა, სულ სომხეთში კორონავირუსი 13 325 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 4 099 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური რჩება 9 000-მდე შემთხვევა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, რომ დახმარება სჭირდებათ, მზად არიან, დაეხმარონ.

კომენტარები