დეა კულუმბეგაშვილი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი - დასაწყისი - კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

ტაბულა

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის მხატვრული ფილმი - დასაწყისი - 2020 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.

დასაწყისი კატეგორიაში The First Features(პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი) მოხვდა. აღნიშნულ კატეგორიაში კიდევ 14 ფილმი მონაწილეობს.

კულუმბეგაშვილის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე მესამედ ხვდება. 2014 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - უხილავი სივრცეები ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. 2016 წელს კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი სურათი - ლეთა რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში აჩვენეს.

ახალი ფილმის სიუჟეტის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა თემია, რომელსაც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტების დაჯგუფება თავს დაესხმევა. სურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. 

კანის 73-ე ფესტივალი წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. წარდგენილ ფილმებს სხვადასხვა კინოფესტივალებზე აჩვენებენ. ამ ეტაპზე გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალის დეტალები უცნობია.

კომენტარები