საერთო მაჟორიტარები

კაპანაძე: ყველაზე მნიშვნელოვანია, მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში მოხდეს კოორდინირება

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე პირველივე ტურში. 

კაპანაძე ამბობს, რომ მეორე ტურში ოპოზიციური ძალების მხრიდან ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება.

"აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს რაღაც წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება", - ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ამოცანა ივანიშვილის პირველივე ტურში დამარცხება უნდა იყოს. 

"შეიძლება იყოს თანამშრომლობა, კანდიდატების არდაყენება, ეს შეიძლება იყოს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული არ მგონია რომ იყოს სწორი", -ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, კაპანაძე ამბობს, რომ პრემიერობის კანდიდატები შეიძლება ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს, თუმცა, საბოლოოდ, პრემიერმინისტრი ვინ იქნება გადაწყდება იმით, თუ როგორი კოალიციური შეთანხმება იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია აპირებს, რომ საერთო მაჟორიტარულს კანდიდატებზე შეთანხმდნენ. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ შეთანხმების მეორე, პოლიტიკური დევნის ნაწილი არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, პოლიტიმრების საკითხი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა.

კომენტარები