აბაშიძე: რუსების ლუგარის ცენტრში ვიზიტი შესაძლებელია კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად

ტაბულა

"საქართველო მზადაა განიხილოს ასეთი შესაძლებლობა კონვენციის ნორმების დაცვით", - პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მოთხოვნას ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შეშვების შესახებ. აბაშიძემ ამის შესახებ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა.

აბაშიძე ამბობს, რომ რუსებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მრავალმხრივ ფორმატში ანუ კონვენციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით.

"სამწუხაროა, რომ რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან მწვავე განცხადებები გაკეთდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღესასწაულს გვილოცავდნენ. ეს მათი არჩევანია, რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ანგარიშს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას და მხოლოდ თავის საგარეო ინტერესებს ემსახურება", - ამბობს აბაშიძე.

რუსეთი ითხოვს, წვდომა ჰქონდეს ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა "შეამოწმოს". ეს ყველაფერი რუსეთს მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა, ანუ საერთაშორისო დელეგაციების გარეშე.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული უწყების პასუხად 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პროცოკაციული განცხადებები დეზინფორმაციაა და შემაშფოთებელია. ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას, თუმცა მზადაა, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.

კომენტარები